სიახლეები
უცხოური საწარმოს ფილიალი „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო უცხოური საწარმოს ფილიალის „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმიტედის საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №814).
მოსარჩელე ითხოვდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელისთვის პრობლემურია ის, რომ სადავო ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკურ აგენტებზე. მოსარჩელის აზრით, მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი ბაზარზე სუბიექტების თავისუფალი საქმიანობა და ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის ჩამოყალიბება. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მეწარმის საქმიანობა იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც შეაფერხებს მეწარმის ნორმალურ ფუნქციონირებას
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის სამართლებრივი ფორმა არის უცხოური საწარმოს ფილიალი, შესაბამისად, მოსარჩელე საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ვერ ჩაითვლება იურიდიულ პირად. ამდენად, ვერ სრულდება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა - სარჩელი არ შემოუტანია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.