სიახლეები
„შპს „გიგანტი სექიურითი" და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი" საქართველოს პარლამენტისა და საქათველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ"
2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №747 კონსტიტუციური სარჩელი („შპს „გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქათველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“).
მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ერთდროულად განეხორციელებინა დაცვითი საქმიანობა და კერძო დაცვითი ორგანიზაციების კონტროლის ფუნქცია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ამგვარი მოწესრიგება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა და დაცვითი მომსახურების ბაზარზე იქმნებოდა არაკონკურენტუნარიანი გარემო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ირღვეოდა კერძო დაცვითი ორგანიზაციების თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
მოპასუხე მხარის პოზიციით, დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზანია კერძო დაცვითი ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა უფლებების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაზიანების თავიდან აცილება. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ამ ფუნქციის განხორციელება კი იმით არის განპირობებული, რომ კონტროლი ეფექტურად განხორციელდეს იმ ორგანოს მიერ, რომელიც კარგად იცნობს საქმიანობის სპეციფიკას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდა დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შეუზღუდავი შესაძლებლობა. ხსენებული მას ანიჭებდა მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას და შეიცავდა კონკურენციის შეზღუდვის მომეტებულ საფრთხეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი პირის/ორგანოს მიერ კონკურენტის კომერციულ ინფორმაციაზე წვდომას. შესაბამისად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და მოპასუხეებს განუსაზღვრა ვადა საკითხის კონსტიტუციის შესაბამისად მოსაწესრიგებლად.
დავის საგანი: „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.