სიახლეები
„შპს თორაძე და პარტნიორები“ და საქართველოს მოქალაქეები - მამია მიქაუტაძე, ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარ
2018 წლის 25 ივლისს, 17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „შპს „თორაძე და პარტნიორები“ და საქართველოს მოქალაქეები - მამია მიქაუტაძე, ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა (სარჩელები №756, №822, №868, №1225 და №1281).
კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები აწესრიგებენ მოვალის ქონებიდან კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებების რიგითობას. მოთხოვნის ტიპის გათვალისწინებით, ზოგიერთი მათგანი კმაყოფილდება სხვა მოთხოვნებთან პრიორიტეტულად, მოვალის ქონების რეალიზაციის შემდეგ ამოღებული თანხები ჯერ ნაწილდება პირველი რიგის კრედიტორებს შორის, შემდეგ - მეორე რიგის კრედიტორებს შორის და ა. შ.
№756, №822 და №1225 კონსტიტუციური სარჩელების ავტორს, მამია მიქაუტაძეს, საერთო სასამართლოების მიერ დაუდგინდა დამსაქმებლის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შრომით პროცესში ჯანმრთელობის დაზიანების გამო. სადავო ნორმების თანახმად გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ისევე როგორც აღსრულების საფასური და ხარჯები მოსარჩელის მოთხოვნასთან შედარებით პრიორიტეტულად იფარება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კომპანიას, რომლის წინააღმდეგად მოთხოვნა გააჩნია, არ აქვს ყველა კრედიტორის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი ქონება. შესაბამისად, უზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, გასაყიდი ქონება აღარ დარჩება, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობასა და შესაბამისად, მისი საკუთრების უფლების დარღვევას გამოიწვევს.
№868 და №1281 კონსტიტუციური სარჩელების ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ ნორმას, რომლის თანახმადაც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა მათ სახელშეკრულებო გირავნობით უზრუნველყოფის მოთხოვნასთან მიმართებით პრიორიტეტულად იფარება.