სიახლეები
2017 წლის 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სს „სილქ როუდ ბანკის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №656) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სს „სილქ როუდ ბანკის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №656) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმა განსაზღვრავს პირის გარდაცვალების შემთხვევაში, კრედიტორების მიერ მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ექვსთვიან ვადას, რომლის დენაც იწყება კრედიტორის მიერ სამკვიდროს გახსნის (პირის გარდაცვალების) ფაქტის შეტყობის მომენტიდან. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, შესაძლებელია, კრედიტორმა იცოდეს სამკვიდროს გახსნის ფაქტი, თუმცა მისთვის არ იყოს ცნობილი მემკვიდრის ვინაობა, რომელსაც უნდა წარედგინოს მოთხოვნა. შესაბამისად, კრედიტორმა, შესაძლოა, ვერ მოახერხოს მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში და დაკარგოს მოთხოვნის უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება სადავო ნორმასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ხანდაზმულობის 6-თვიანი ვადა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორისთვის ამ დროის განმავლობაში გახდება ცნობილი იმ მემკვიდრის ვინაობა, რომელსაც უნდა წარედგინოს მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს მოთხოვნის წარდგენის გონივრული ვადა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში ხანდაზმულობის ვადების დაწესება ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და კეთილსინდისიერი კონტრაჰენტის დაცვას. ამასთანავე, ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადა უნდა იძლეოდეს ობიექტურ შესაძლებლობას, რათა პირმა მოახდინოს მისი უფლებების ეფექტური რეალიზაცია.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა აკმაყოფილებდა ზემოთხსენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს.