სიახლეები

2017 წლის 26 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთის დელეგაცია

2017 წლის 26 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოს, კონსტიტუციური საბჭოს, გენერალური პროკურატურის, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული  და საჯარო სამსახურების სააგენტოებისა და ყაზახეთის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

ყაზახეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის მიზანია, გაეცნოს საქართველოში მიმდინარე  სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიხსნა სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი,   ასევე საქართველოს უზენაესი  და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის  წარმომადგენლები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასა და საერთო სასამართლოების  რეფორმის ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის  მთავარი ასპექტები. კონფერენციაზე განიხილეს საკონსტიტუციო კონტროლის, სისხლის სამართლის სისტემის, პროკურატურისა და  პოლიციისა  რეფორმის, აგრეთვე ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებები.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

„მოგესალმებით. უპირველესად, ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და მის თავმჯდომარეს, ქნ ნინო გვენეტაძეს მოწვევისთვის.

მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები უზენაეს სასამართლოში ჩვენი მეგობარი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად და მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო საერთო აზრთა გაცვლა-გამოცვლაში მართლმსაჯულებისა და სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების საკითხებზე. შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა, მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, ეტაპობრივ განვითარებას განიცდის, და ჩემთვის და ჩემი კოლეგისთვის, ბნ თეიმურაზ ტუღუშისთვის, დიდი პატივია წარვსდგეთ დღეს თქვენს წინაშე და გაგაცნოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეტანილი წვლილი ჩვენი ქვეყნის სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის დახვეწის პროცესში. წლების განმავლობაში ჩვენმა სასამართლომ გამოიტანა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სისხლის სამართლის ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე, და შეგვიძლია თავმდაბალი სიამაყით აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ჩვენს ქვეყანაში მოქმედი სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების გამართულ ფუნქციონირებაში, ისევე როგორც მოქმედი სისხლის სამართლის კანონის ხარისხის გაუმჯობესებაში სულ უფრო მზარდი და პოზიტიურია. მინდა გითხრათ, რომ დღეს თქვენს წინაშე მოხსენებით წარსდგება ბნი თეიმურაზ ტუღუში, რომელიც მიმოიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომელმაც საფუძველი დაუდო მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების განხორციელებაში.     

ნება მომეცით, დამატებით აღვნიშნო, რომ მართლაც ძალიან ღირებულია ამ ფორმატში ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება, რაც ეჭვგარეშეა, რომ ხელს შეუწყობს ჩვენი ორი ქვეყნის ინსტიტუციების დაახლოებას  და შექმნის სამომავლო თანამშრომლობის საფუძვლიან შესაძლებლობას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლობის საკმაოდ მზარდი ისტორია ჩვენს კოლეგა ორგანოსთან - ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოსთან. მინდა დამატებით აღვნიშნო, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება პატივი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის ფარგლებში ქ. ბათუმში უმასპინძლოს ჩვენს პატივცემულ კოლეგას, ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარეს, ბნ იგორ როგოვს. . ვიმედოვნებთ, რომ ამ ფორმატში ურთიერთობა კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს ორ ინსტიტუციას და შექმნის სამომავლო ინტენსიური თანამშრომლობის ღირებულ პლატფორმას.

ამ ნოტაზე, ნება მომეცით, დავასრულო ჩემი მისასალმებელი სიტყვა და გისურვოთ ნაყოფიერი და წარმატებული კონფერენცია. დიდ მადლობა ყურადღებისთვის“ - ზაზა თავაძე

   კონფერენციაზე სტუმრებს მოხსენებით მიმართა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა. მან ისაუბრა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის სფეროში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე.

„საქართველოში, ისევე როგორც კონტინენტური ევროპის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ცენტრალიზებული კონსტიტუციური კონტროლის სისტემა, სადაც, მოგეხსენებათ, არსებობს სპეციალიზებული ორგანო სასამართლო ხელისუფლების სისტემაში - საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება, განახორციელოს კონსტიტუციური კონტროლი აღსანიშნავია, რომ ჩვენს სისტემაში მოქმედებს ინდივიდუალური სარჩელის  მექანიზმი, რისი საშუალებითაც პირებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ) აქვთ გარანტირებული უფლება, კონსტიტუციური სარჩელით პირდაპირ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მათი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად. სწორედ აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ საქმეთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე სამართალწარმოების დაწყება და მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ იგი წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებების დაცვის ეფექტურ საშუალებას ჩვენს ქვეყანაში. ნიშანდობლივია ასევე, რომ საერთო სასამართლოები უფლებამოსილი არიან  მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საქმის განხილვისას გაუჩნდებათ ეჭვი, რომ გამოსაყენებელი კანონი შეიძლება არ იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი. ამ დროს, როგორც წესი, ხდება სამართალწარმოების შეჩერება იმ დრომდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამის კონსტიტუციურ წარდგინებაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ მოქმედებს ე.წ. რეალური კონტროლი და საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება შეამოწმოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში განვითარებული სასამართლო პრაქტიკის მეშვეობით - კერძოდ, სადავო საკანონმდებლო დებულების შინაარსის დავიწროებით, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემატური კონკრეტული ნორმატიული შინაარსის შეფასებით, ასევე შესაფასებელი კანონის სისტემური და ტელეოლოგიური განმარტების გზით, საკონსტიტუციო სასამართლომ  ფაქტიურად შეძლო კონსტიტუციური სტანდარტების ამოქმედება კონკრეტულ საქმეებში. შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის საერთო სასამართლოები განსახილველი დავების გადაწყვეტისას სულ უფრო მეტად უთითებენ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, ისევე როგორც მხარეები სასამართლოში თავიანთ არგუმენტაციას აფუძნებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოში კონკრეტულ საქმეებთან მიმართებით მართლმსაჯულების განხორციელებისას მზარდი ეფექტი აქვს“ - აღნიშნა თეიმურაზ ტუღუშმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით დაინტერესდა და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარემ  - იგორ ივანოვიჩ როგოვმა.