სიახლეები

2017 წლის 23 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქის ზაქარია ყიფშიძის კონსტიტუციური სარჩელი №781

2017 წლის 23 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი №781 („საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი №781 („საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სასამართლოს მიერ იმ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კონსტიტუციურობას საკუთრების უფლებასთან მიმართებით, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო მსჯელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შესაბამისი რეგულაციების საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ობიექტურად განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა ქვეყანაში მიმდინარე დავის ისეთი ასპექტები, რომელთა ცოდნა და შეფასებაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, აუცილებლად არის მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადასაწყვეტად. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საქართველოს  სასამართლოს ფაქტობრივად არ შეუძლია შეაფასოს სხვა ქვეყანაში მიმდინარე დავის არც საფუძვლიანობა ამ ქვეყნის კანონმდებლობასთან მიმართებით, არც მისი დაკმაყოფილების ალბათობა, არც ის, თუ რა ეტაპზეა სხვა ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს სასამართლოსთვის ისეთი კომპეტენციის მინიჭებას, რომელიც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მესაკუთრეს და უზღუდავს მას კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, ვინაიდან არსებული ვითარება გამორიცხავს, საქართველოს სასამართლოს მხრიდან, გადასაწყვეტი საკითხის ადეკვატური შეფასებისა და მასზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ მიიღო არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც   შეეხება სადავო ნორმის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან [სამართლიანი სასამართლოს უფლება] მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.