სიახლეები

2018 წლის 3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განიხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვი

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმებით განისაზღვრება სსიპ „112“-ის მომსახურების საფასურის გადამხდელ პირთა წრე, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი),  ვინაიდან „112“-ის მომსახურების საფასურის დაკისრება ხდება აბონენტის ნების მიუხედავად, ისე, რომ გაურკვეველია, თუ რა კონკრეტული მომსახურების გაწევას ემსახურება აღნიშნული საფასური. ამასთან, ზოგადი სერვისებით სარგებლობს თითოეული მოქალაქე და შესაბამისად, მათი დაფინანსება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

მოსარჩელე „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი), ვინაიდან ადგენს გაუმართლებელ დიფერენცირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. „112“-ის მომსახურების ყოველთვიური საფასური ფიზიკური პირებისთვის შეადგენს 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 0.5 ლარს. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და, შესაბამისად, დისკრიმინაციულია.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

ა) საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის კონსტიტუციურ სარჩელზე -   „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;

ბ) „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ კონსტიტუციურ სარჩელზე - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და ამავე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.