სიახლეები

2017 წლის 6 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება შპს „გიგანტი სექიურითისა“ და შპს „იუნაითედ სექურითის“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა (რეგისტრაციის N747) სა

2017 წლის 6 სექტემბერს 12:00 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება შპს „გიგანტი სექიურითისა“ და შპს „იუნაითედ სექურითის“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა (რეგისტრაციის N747) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.

მოსარჩელეებისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, ერთი მხრივ, იმოქმედოს როგორც კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, ხოლო მეორე მხრივ, თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა. მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული წარმოადგენს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ზემოქმედებას, რაც შეუძლებელს ხდის ამ სფეროში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმებით უგულებელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციის განვითარებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.