სიახლეები

2022 წლის შემაჯამებელი მიღება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა წლის შემაჯამებელი მიღება, რომლის ფარგლებშიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2022 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიში. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, . ბათუმის მერი, აკადემიური სფეროს, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.

მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ 2022 წელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იყო ერთმნიშვნელოვნად ნაყოფიერი. მიმდინარე წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო 110-მდე აქტი; აქედან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოება დაასრულა 73 საქმეზე, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია; კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო 19 საბოლოო გადაწყვეტილება, ასევე, 34 საოქმო ჩანაწერი და 54 განჩინება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიუთითა, რომ მომდევნო წელს სასამართლო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, მიმდინარე საქმეების დროული განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მიმართ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყების გამო, რომელიც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება, იყო ტრაგიკული და შოკისმომგვრელი ჩვენი რეგიონისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა კომუნიკაცია კოლეგმოსამართლეებთან უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში განთავსებულ უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა განახორციელეს ფინანსური დონაცია საქართველოში უკრაინის საელჩოს სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე.

მიმდინარე წელი ნაყოფიერი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო კომუნიკაციის მიმართულებითაც. კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2022 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და აპარატის მოხელეთა მიერ განხორციელდა რამდენიმე საერთაშორისო სამუშაო ვიზიტი, რაც მნიშვნელოვანია ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.  

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სასამართლოს აქტიურ თანამშრომლობაზე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომელთა მხარდაჭერით სასამართლო ახორციელებს სხვადასხვა წარმატებულ პროექტს. კერძოდ, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამისპარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II“ ფარგლებში თანადაფინანსებული პროექტისსასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოშიდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულისამართლის უზენაესობის პროგრამისფინანსური მონაწილეობით  წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველწლიური საზაფხულო სკოლის მე-14 ნაკადს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს სტუმრობდნენ და ლექციებს უძღვებოდნენ  ევროპელი და ამერიკელი პროფესორები.

2022 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტუმრობდნენ საერთაშორისო დელეგაციები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და უცხოელი პროფესორები; მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო, ევროპარლამენტის დელეგაცია, აგრეთვეაზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ

მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ მომავალ წელს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს ევროპული და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის  XXIII საერთაშორისო კონგრესის ორგანიზებას, რომლის ფარგლებში საქართველოს ესტუმრებიან ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები და წევრები, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მართლმსაჯულების ევროპული  სასამართლოს მოსამართლეები და სხვა მაღალი რანგის დელეგატები.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებაზე. წელს მოხდა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ მორიგი ნომრის გამოცემა. ნიშანდობლივია, რომ განახლდა ჟურნალის სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა, რომლის შედეგადაც საბჭოს დაემატა რამდენიმე გამორჩეული ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევარი ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. წარმომადგენლობითი სარედაქციო საბჭო აამაღლებს გამოცემის ავტორიტეტს და უკეთეს შესაძლებლობას გაუჩენს, ერთი მხრივ, ქართველ ავტორებს, საერთაშორისო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ნაშრომები, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქართველი მკითხველის ხელმისაწვდომობას საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი მკვლევარისა თუ პრაქტიკოსის ნაშრომისადმი.

დასასრულს, მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის აპარატის, ქ. ბათუმის მერიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებს ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.  

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის მოხელეებს 2022 წელს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის და მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაულები.