სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1627 კონსტიტუციურ სარჩელზე

2022 წლის 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1627).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლებელია გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთანავე, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი საგამონაკლისო წესი დისკრიმინაციულია, რადგან სხვა რელიგიური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას საკუთრებაში მიიღოს  მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტყეთა ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყეთა საკუთრებაში გადაცემის წესი, რომელიც დადგენილია სადავო ნორმით, შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილებით გააუქმა. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია, რაც ითვალისწინებს პრივილეგიის მინიჭებას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მაშინ, როდესაც ამგვარი მოპყრობის არსებობის საჭიროებას საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმა არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №1/1/811 გადაწყვეტილების დამძლევი ნორმა და, შესაბამისად,  ის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: “სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის (2021 წლის 24 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.