სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1637 კონსტიტუციურ სარჩელზე

 

2024 წლის 21 და 22 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (№1637 კონსტიტუციური სარჩელი).

გასაჩივრებული ნორმებით დადგენილია რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის წესები და პირობები. კერძოდ, სადავო დებულებებით განსაზღვრულია, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება, განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა და, ამასთანავე, პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რეალური მიზანი, ზოგჯერ, არის არა საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რისკის შემცირება, არამედ პატიმრების დასჯა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დეესკალაციის ოთახში პირის გადაყვანა, უმეტეს შემთხვევაში, ხდება მაქსიმალური, 72-საათიანი ვადით. ამასთანავე, რადგანაც ერთი და იმავე პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ხშირად, პირის აღნიშნული ოთახიდან გამოყვანა ფორმალური ხასიათისაა და დროის ძალიან მცირე ინტერვალში, ხელახლა ხდება მისი დეესკალაციის ოთახში დაბრუნება.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, პენიტენციური დაწესებულებების პრაქტიკაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც პატიმართა დეესკალაციის ოთახში მოთავსება ხდება ხანგრძლივად და არამიზნობრივად. აღნიშნული კი, მოსარჩელის აზრით, უტოლდება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ბ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

დ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ 27-ე მუხლის მე-4 პუნქტისა (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების“ მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების (2023 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.