სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1524 კონსტიტუციურ სარჩელზე

2022 წლის 4 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1524).

დავის საგანს წარმოადგენს „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

განსახილველ საქმეზე სადავო ნორმები ითვალისწინებს ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას, როგორც მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და აღნიშნული ქმედებისათვის სანქციის სახედ ადგენს ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების შეჩერებას.

მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, მათ შორის, ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც პირი აღნიშნული თავისუფლებით სარგებლობს როგორც მოქალაქე და არა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტი. მოსარჩელის აზრით, მოქალაქის უფლება - ისარგებლოს აპოლიტიკური სანოტარო მომსახურებით, ვერ გახდება ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, როდესაც ნოტარიუსი აზრს გამოთქვამს/ინფორმაციას ავრცელებს რიგითი მოქალაქის სტატუსით. ამავდროულად, სადავო ნორმები ითვალისწინებს ნოტარიუსის მიერ არა მხოლოდ უკიდურესად პოლიტიკურად მიკერძოებული გამონათქვამის შეზღუდვას, არამედ, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ პოლიტიკოსის მიმართ დადებითი ან უარყოფითი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობის აკრძალვასაც, რაც ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და აწესებს, მათ შორის, ინტერნეტში ნოტარიუსის მიერ პოლიტიკურ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმის ან ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დისციპლინური სამართალდარღვევის შემადგენლობას, რაც გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ შეზღუდვას წარმოადგენს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამგვარი შინაარსობრივი შეზღუდვის დადგენა ან პარლამენტის მიერ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შინაარსობრივი შეზღუდვის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოზე, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის () ფორმალურ მოთხოვნებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილების დამძლევია და შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, მათი არსებითი განხილვის გარეშე, ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.