სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1561 და №1576 კონსტიტუციურ სარჩელებზე

2025 წლის 20 და 21 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეებზე „სალომე ხვადაგიანი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1561) და „მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1576).

განსახილველ საქმეებზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს საქართველოდან დროებით გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს. №1561 კონსტიტუციური სარჩელით, აგრეთვე სადავოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ცალკეული ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესებს.

№1561 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, სადავო ნორმებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭა ფუნდამენტური საკითხის - სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესების და პირობების კანონქვემდებარე აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება ისე, რომ საქართველოს პარლამენტმა საკმარისი სიცხადით არ განსაზღვრა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლები. შესაბამისად, სადავო ნორმები, ფორმალური თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

მოსარჩელეები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის სადავო ნორმებით განსაზღვრული საფუძვლები ქმნიან არასაჭირო ბარიერებს საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლებით სარგებლობისათვის. ამასთან, სადავო მოწესრიგება არ ემსახურება იმ ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, რომელთა გამოც შეიძლება შეიზღუდოს მიმოსვლის თავისუფლება.

კონსტიტუციურ სარჩელებს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

№1561 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 21 დეკემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებული „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე- 3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

№1576 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.