სიახლეები
ა.წ. 27 იანვარს 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N693,857 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა
2017 წლის 27 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ გაერთიანებულ კონსტიტუციურ სარჩელებს (რეგისტრაციის N857 და N693).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს საჯარო ინფორმაციის ღიაობას [გარდა სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოთა შემცველი ინფორმაციისა] მაგრამ ადმინისტრაციულ ორგანოს უკრძალავს პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნებას მონაცემთა სუბიექტის თანხმობის, და განსაკუთრებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.
მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმებით მათ ეზღუდებათ საერთო სასამართლოში საქმის ღია სხდომაზე განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის შესაძლებლობა, ვინაიდან საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების მესამე პირთათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილებაში არსებულ მონაცემთა დეპერსონალიზაციის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოები უარს აცხადებენ გადაწყვეტილების მესამე პირთათვის გადაცემაზე მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მოსარჩელეთა აზრით, საჯარო სხდომაზე ხდება ყველა იმ არგუმენტის, ინფორმაციის გამორკვევა, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება. კერძოდ, საჯარო სხდომის შედეგად შესაძლოა გამჟღავნდეს კონსტიტუციის სხვადასხვა უფლებებით დაცული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. შესაბამისად, ვინაიდან საქმის ღია და დახურულ სხდომაზე განხილვის შედეგად მიღებული სასამართლოს აქტები პერსონალური მონაცემების ერთნაირი დაცვის ხარისხით სარგებლობს, მოსარჩელის მტკიცებით, აზრს მოკლებულია იმ ინფორმაციის დამალვა, რომელიც ღია პროცესზეა განხილული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.