სიახლეები
ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2018 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №752 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ზღუდავდა წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების შესახებ იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც მოპოვებული იქნა კერძო პირების მიერ და შეტანილია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ამგვარ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არღვევდა გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი) და სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის (საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი) კონსტიტუციურ უფლებებს.
მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმაში მითითებული წიაღის პარამეტრების შესახებ ინფორმაცია, მოპოვებულია კერძო პირების მიერ და მას აქვს ეკონომიკური ღირებულება. ამგვარი ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა კი მას დაუკარგავდა ღირებულებას და დააზიანებდა მისი მომპოვებელი პირის ინტერესებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოს შეაგროვოს და დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, სახელმწიფო უფლებამოსილია, თვითონ შეარჩიოს აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ფორმა. სადავო ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ კერძო პირებს უკრძალავს გარკვეულ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას, არ გამორიცხავს ან ამცირებს სახელმწიფოს ვალდებულებას, თვითონ მოახდინოს გარემოს მდგომარების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისათვის მიწოდება. სახელმწიფო არ არის შეზღუდული ამ მიზნებისათვის გამოიყენოს მათ შორის სახელმწიფო ფონდებში არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, არ იზღუდება პირის უფლება გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ წიაღის გეოლოგიური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია ძირითადად წიაღის მოსაპოვებლად გამოიყენება და მას ეკონომიკური ღირებულება გააჩნია. მისი გასაჯაროება კი უცილობლად გამოიწვევდა ინფორმაციის მნიშვნელოვნად გაუფასურებას. ასეთ შემთხვევაში დაზარალდებოდა ინფორმაციის მესაკუთრე და შემცირდებოდა ამ დარგის კვლევისადმი არსებული კომერციული ინტერესი, რაც საბოლოო ჯამში შეაფერხებდა წიაღით სარგებლობის სფეროს განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა.
დავის საგანი: „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის სიტყვების „დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.