სიახლეები

ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1358)

2019 წლის 23 მაისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1358).

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსაზღვრული შეზღუდვებით, ეძლევა საკუთარ საეთერო ბადეში კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა სხვადასხვა სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სარეკლამო ბაზარზე არსებულ სხვა მაუწყებლებთან მიმართებით, რამდენადაც მისი საქმიანობა არ არის დამოკიდებული კომერციულ შემოსავალზე და ფინანსური ზარალის მიღების გარეშე შეუძლია სარეკლამო ბაზარზე მომხმარებლისათვის ნებისმიერი, მათ შორის, სიმბოლური ფასის შეთავაზება. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმა უარყოფით გავლენას ახდენს შესაბამის კომერციულ ბაზარზე და არღვევს მეწარმეობის თავისუფლებისა და კონკურენციის განვითარების კონსტიტუციურ უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.