სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი

დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო, ამავე სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან ლადო ჭანტურია და სასამართლოს მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვიქტორ სოლოვეიჩიკი სტუმრობდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ეროვნულ დონეზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ურთიერთგავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის მოქმედების პროცედურული და მატერიალური ასპექტები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმისწარმოების პროცედურა და სასამართლოს უახლესი პრაქტიკა საქართველოსთან მიმართებით. ამასთანავე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე.

რობერტ სპანომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ყურადღება გაამახვილა ეფექტიანი მართლმსაჯულების როლზე სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარების პროცესში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა მადლობა გადაუხადეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.