სიახლეები
„აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1811).
2025 წლის 4 ივნისს, 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“(კონსტიტუციური სარჩელი №1811).
№1811 კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, სადავო ნორმა გვარის შეცვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და ბლანკეტურად ართმევს ყველა პირს გვარის შეცვლის საშუალებას, მაშინაც კი, როდესაც ამ უკანასკნელს დასაბუთებული ინტერესი გააჩნია. მათი მოსაზრებით, საზოგადოებრივ ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, თუ რა გვარით აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს, არამედ, იმავდროულად, მნიშვნელოვანია, თუ რა გვარითა თუ სახელით ახდენს პირის იდენტიფიცირებას საზოგადოება. იმ საზოგადოების დაბნეულობა, რომელმაც ვერავითარი კავშირი ვერ დაინახა პიროვნების ოჯახსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის, შესაძლოა უფრო მეტად იყოს სახეზე მაშინ, როდესაც პირის იდენტიფიკაცია ხდება არა იმ გვარის მეშვეობით, რომელთანაც მას მყარი პიროვნული კავშირი გააჩნია, არამედ მისი ნამდვილი გვარით. მოსარჩელეები იმასაც აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, უკვე არსებობს ისეთი საკანონმდებლო მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, გვარის შეცვლის უფლებამოსილება პირს გააჩნია მხოლოდ ერთხელ. აღნიშნულით კი უზრუნველყოფილია პირის მხრიდან გვარის თვითნებურად რამდენჯერმე შეცვლით საზოგადოებრივი დაბნეულობის პრევენცია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის უკვე არსებული ამგვარი საკანონმდებლო მექანიზმი წარმოადგენს პირის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ეფექტიან საშუალებას.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა, სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას ცხადყოფს, მაგრამ მისდამი უფრო მსუბუქი მიდგომა, სადაც გვარის აღდგენა აღმავალი შტოს თაობების განსაზღვრულ ოდენობაზე არ იქნებოდა დამოკიდებული შესაძლებელს გახდიდა იმ ავთენტური გვარის დაბრუნებას, რომელიც თუნდაც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ამავდროულად, კანონმდებელი დაიცავდა პროპორციულობის კრიტერიუმს. წინამდებარე საქმეში ერთმანეთს შეპირისპირებულ ინტერესებს შორის უნდა გადაწონოს პირის უფლებამ, შეიცვალოს არაავთენტური გვარი, ვინაიდან შეზღუდვით დაცული ინტერესები კანონმდებლობით ისედაც დაზღვეულია. გარდა ამისა, ნორმის არაკონსტიტუციურობა გამოიხატება აკრძალვის ბლანკეტურობაშიც მაშინ, როდესაც ამგვარი აკრძალვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. ამგვარად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, პროპორციულობის ტესტის თანახმად, სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს ადამიანის უფლებას, ვიდრე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს ვერც შეზღუდვის პროპორციულობის მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, პირს ეზღუდება გვარის შეცვლის შესაძლებლობა, როდესაც არსებობს მყარი პიროვნული კავშირი პირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
