სიახლეები

არსებითი განხილვა №1537 კონსტიტუციურ სარჩელზე

2021 წლის 23 სექტემბერს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“ და „შპს ფორმულა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1537).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-20მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

სადავო ნორმები განსაზღვრავს სხვადასხვა ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის კატეგორიებს და ითვალისწინებს მაუწყებლის ვალდებულებას, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვის უზრუნველსაყოფად, საეთერო ბადეში პროგრამები განათავსოს კანონით დადგენილი დროითი და შინაარსობრივი შეზღუდვების შესაბამისად. გასაჩივრებული ნორმები აგრეთვე აწესრიგებს მაუწყებლის მიერ დასახელებული ვალდებულებების დარღვევის გამო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისთვის შესაბამისი სანქციის დაკისრების შემთხვევებს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე შინაარსობრივ რეგულირებას ექვემდებარება მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი კონტენტი, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის. გარდა ამისა, სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რაც „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელია მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლებაზე და შეიცავს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს. მოსარჩელე მხარე ასევე პრობლემურად მიიჩნევს კომისიის მხრიდან სანქციის ბოროტად გამოყენების საფრთხეს. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით აღნიშნულია, რომ ბუნდოვანი ტერმინების გამოყენებით კანონმდებელმა კომისიაზე მოახდინა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება, რაც კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან მოდის წინააღმდეგობაში.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: ბავშვის უფლებათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 წინადადებების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.