სიახლეები
არსებითი განხილვა საქმეზე „არჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“
2022 წლის 13 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „არჩილ მორბედაძე და ამალია ბადალიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1559).
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობით აბიტურიენტი ახდენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების, მისი ფორმის არჩევის და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების უფლებების რეალიზებას. სადავო ნორმით ხდება დასახელებულ უფლებებში არაპროპორციული ჩარევა, რადგან ის გამორიცხავს დამატებითი ტესტირების ჩატარების შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც აბიტურიენტის ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებებით.
საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, გაიმართება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.
დავის საგანი: „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვალის №19/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-2 პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებით.