სიახლეები
არსებითი განხილვა საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1547)
2022 წლის 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1547).
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა კრძალავს 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს.
მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის გამო, ისინი ვეღარ ახერხებენ იმ მდედრი მსხვილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტს, რომელთა მასაც არ აღემატება 110 კგ-ს, რის გამოც მათ ადგებათ ფინანსური ზიანი. მათი აზრით, გასაჩივრებული რეგულაციით ხდება გაუმართლებელი ჩარევა საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებაში.
საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.