სიახლეები
არსებითი განხილვა საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2019 წლის პირველ აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1394).
სადავო ნორმა სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსამართლის შეურაცხყოფის დასჯადობა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა მოსამართლის იმგვარი შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, რომელიც არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისა და პროცესის ჩვეული მიმდინარეობისთვის, არღვევს აზრის გამოხატვის თავისუფლებას.
ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „შეურაცხყოფა“ ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.