სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N1673, 1681)

 

2022 წლის 18 – 20 მაისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N1673 და N1681).

კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. ამასთანავე, სადავოდ არის გამხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა.

ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

მოსარჩელეთა განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა იქმნება და მისი კომპეტენცია რეალიზდება კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობით, თანამშრომლების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების და სხვა მექანიზმების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან როგორც უშუალოდ თანამდებობის გაუქმების და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე ინსტიტუციის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო დანაწესებს.

მოსარჩელეთა განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი არსისა და ფუნქციის გათვალისწინებით, წარმოადგენს საჯარო თანამდებობას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არ არის კონსტიტუციური ორგანო, სამსახურის ფუნქციამ განაპირობა მისი მთელი რიგი გარანტიების საფუძველზე შექმნის აუცილებლობა. სახელმწიფო ინსპექტორის ხელშეუხებლობისთვის დადგენილია ზუსტად იგივე გარანტიები, რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა სხვა არჩევითი თანამდებობის პირებისთვის. კერძოდ, მოსარჩელეთა მითითებით, ადამიანის ღირსების, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვის, ასევე პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური ჩარევის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. აღნიშნული ფუნქციების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის დაკისრება განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ უფლებას.

მოსარჩელე მხარის მითითებით, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანი - განსახორციელებელ კომპეტენციათა შორის ინტერესთა კონფლიქტის გადაწყვეტა - წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ მსჯელობას და არ ეფუძნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტს შეეძლო, ერთი მხრივ, ინტერესთა კონფლიქტის თეორიული საფრთხე დაეზღვია გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებით, ხოლო, მეორე მხრივ, ინსპექტორს მისცემოდა ერთ-ერთი ან ტოლფასი თანამდებობის დაკავების უფლება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ საჯარო თანამდებობის განხორციელების პირობებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

დავის საგანი: ა) „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების და 281 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;

ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 402, 4011, 4012, 4013, 4014, 4015, 4016 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 552 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;

გ) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-5, მე-19 და მე-20 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7 პუნქტების, 281 მუხლის მე-5 პუნქტის და 29-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.