სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2022 წლის 16 და 17 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1264).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ხოლო გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვისას გამომძიებლის/პროკურორის სახელმძღვანელო სტანდარტი, რაც მათ, ფაქტობრივად, განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებს. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალოთ, რაც მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას იწვევს. გარდა ამისა, მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სასამართლო სხდომის დახურვის წესს. ასევე, ბრალდებულისათვის პაემანის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.