სიახლეები

არსებითი განხილვა საქმეზე „შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1483 კონსტიტუციური სარჩელი)

2023 წლის 15 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“(კონსტიტუციური სარჩელი №1483).

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 82-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

განსახილველ საქმეზე სადავო ნორმები, ერთი მხრივ ადგენს კენჭისყრამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვას, (გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა) ისევე როგორც კანონმდებლობით აკრძალული დროითი პერიოდის მიღმა ამ უფლების სარგებლობისას გამოკითხვის დამკვეთის და გამოკითხვასთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციის მითითების ვალდებულებას, მეორე მხრივ კი აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ წესების დარღვევით არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაზე.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, იმ პირობებში, როდესაც აკრძალვა არ მიემართება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელს მიზანი, რომელსაც ისახავს სადავო ნორმები, რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენცია, შესაბამისად პოტენციური ამომრჩეველის დაცვა ინფორმაციული მანიპულაციისაგან, მიუღწეველი რჩება, რაც გაუგებარს ხდის სადავო წესის, ამ საფუძვლით ინტერნეტმედიაზე გავრცელების საჭიროებას. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალული დროითი პერიოდის მიღმა, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას დამკვეთზე ინფორმაციის მითითების ვალდებულება თვითმიზნურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ასეთ დროს კენჭისყრის პროცესი დასრულებულია და ობიექტურად არ არსებობს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციის საჭიროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.