სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1609 კონსტიტუციურ სარჩელზე

2023 წლის 31 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1609).

დავის საგანს წარმოადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, კერძოდ, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა, ხოლო პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

მოსარჩელის პოზიციით, პენსიაზე უფლების წარმოშობის კონტექსტში ქალები და კაცები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. კერძოდ, ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ხდება საპენსიო ფონდის ფორმირება, დასაქმებულ ქალსაც და კაცსაც თანაბარი წვლილი შეაქვთ. ამასთან, სტატისტიკურად, მამაკაცებთან შედარებით, ქალების რაოდენობა მეტია, როგორც დაბადების, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით. შესაბამისად, კაცებისათვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რასაც არ გააჩნია რაიმე გონივრული გამართლება. შედეგად, სადავო ნორმა არღვევს თანასწორობის უფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.