სიახლეები
არსებითი განხილვის სხდომა №1747 კონსტიტუციურ სარჩელზე
2025 წლის 19 და 20 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“ (№1747 კონსტიტუციური სარჩელი).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმით განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო-კვლევითი გრანტის გაცემის წესი. კერძოდ, სასწავლო-კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტების მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
მოსარჩელის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე დოქტორანტს საკონკურსო პროექტის განხორციელებისთვის, მისი სტატუსიდან და განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დასჭირდეს კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული იმგვარი ხარჯების გაწევა, რომელიც არ წარმოეშობა აღნიშნული სტატუსის არმქონე პირს. ამგვარი საჭიროებიდან გამომდინარე კი, ბუნებრივია, რომ საგრანტო დაფინანსების საერთო მოცულობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დოქტორანტს მეტი ექნება, სხვა ყველა იმ პირთან შედარებით, რომელთაც შესაძლებლობები არ აქვთ შეზღუდული.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური რესურსის დაზოგვა, თუმცა აღნიშნული ინტერესი ვერ გამოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უფლების შეზღუდვის გასამართლებლად. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასა და სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნის კონსტიტუციურ ვალდებულებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.