სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა, საქმეზე „ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2022 წლის 3 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა, საქმეზე „ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1506).

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

განსახილველ საქმეზე, სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს შეურაცხაობის საფუძვლით ბრალდებული პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობის სასამართლოს მიერ განხილვისა და შესაბამისი განჩინების მიღების წესს.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პირის სამედიცინო დაწესებულებაში იძულებით მოთავსება წარმოადგენს მნიშვნელოვან ჩარევას მის უფლებებში, სადავო ნორმის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოსამართლის მიერ განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და ბრალდებულს ერთმევა შესაძლებლობა სასამართლოს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ არ არსებობს მისი სამედიცინო დაწესებულებაში არანებაყოფლობითი მოთავსების საჭიროება. ამასთან, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით შეამოწმოს მისი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერება. აღნიშნულით კი, მოსარჩელის პოზიციით, იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული, სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. სასამართლოს დისტანციური სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.