სიახლეები
არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი ლაშხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“
2021 წლის 16 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გიორგი ლაშხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1558).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.
სადავო ნორმა ადგენს, რომ საქართველოს მთავრობის №368 დადგენილებით გათვალისწინებული წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იგი დაჯარიმდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წესი, რომელიც აკრძალავდა ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნას/გადაადგილებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მოსარჩელის დაჯარიმების საკანონმდებლო საფუძველი და, იმავდროულად, იგი თავად არ იყო უფლებამოსილი, ქმედება განესაზღვრა სამართალდარღვევად და დაეწესებინა მისთვის პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებთან.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.