სიახლეები
არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი და მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1800).
2025 წლის 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი და მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1800).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები, ერთი მხრივ, ზღუდავს საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე, სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (მაგალითად, ბანერი, პოსტერი და სხვა) შეტანის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, კრძალავს ამავე სივრცეში ტრანსპარანტის გამოფენასა და საინფორმაციო მასალის დარიგებას, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრას ან სხვაგვარად განთავსებას.
მოსარჩელე მხარის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის შენობაში ბანერების, პლაკატების ან სხვა ექსპრესიული ფორმით აზრის გამოხატვის აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას. ამავდროულად, მოსარჩელეების მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული რეგულირებები გამოხატვის ადგილის, დროისა და მანერის შეზღუდვისკენ არის მიმართული, მათი ბლანკეტური და აბსტრაქტული ფორმულირება ქმნის საფრთხეს, რომ სადავო წესები აზრის შინაარსობრივი კონტროლის მექანიზმად იქნეს გამოყენებული. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციის მექანიზმებს, ხოლო საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის უკვე არსებობს საკმარისი ზომები, რის გამოც, სადავო აკრძალვა არის გადაჭარბებული და არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის №1/259/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), ... საქართველოს პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელია“ და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.