სიახლეები
ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) მე-3 კონგრესი
დღეს, 16 მაისს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“(თბილისი) „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) მე-3 კონგრესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ზაზა თავაძემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის და გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ასოციაციის მიზნებზე: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერაზე, კანონის უზენაესობის პრინციპების იმპლემენტაციასა და ასოციაციის წევრებს შორის გამოცდილების გაცვლის გაღრმავებაზე.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი გაერთიანება წარმოადგენს ოთხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წამოწყებულ ამბიციურ პროექტს, თანამშრომლობის ახალი ტიპის პლატფორმის შექმნის მიზნით . კერძოდ, ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის დეკლარაციას ხელი მოეწერა ქ. ვილნიუსში 2015 წლის 26 ოქტომბერს ლიტვის რესპუბლიკის და ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ არც ისე შორეულ წარსულში, ასოციაციის წევრ ქვეყნებს მსგავსი ისტორიული გამოწვევები გვაერთიანებდა და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი საერთო გვაქვს სამართლებრივი და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანი დგას უსაფრთხოების და კონსტიტუციური ღირებულებების დაცვის გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აქტიური თანამშრომლობა საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის იმ მიზნით, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ დღეიდან ასოციაციას შემოუერთდა პოლონეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ტრიბუნალი სრული წევრის რანგში, და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო წლებში ჩვენი გაერთიანება კვლავაც განაგრძობს გაფართოებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის აქტიური თანამშრომლობის გაღრმავებაში. ეჭვგარეშეა, რომ გამართული და ეფექტური კონსტიტუციური მართლმსაჯულება კანონის უზენაესობასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემის, მისი სიცოცხლისუნარიანობისა და განმტკიცების თვისობრივად აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნული გარემოება, ბუნებრივია, ჩვენ, ყველა მოსამართლეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს კონსტიტუციისა და თითოეული ადამიანის წინაშე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის განუხრელი პატივისცემა დემოკრატიული საზოგადოების ყველა აქტორის მიერ იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს კონსტიტუციური მართლმსაჯულების იდეის კიდევ უფრო განმტკიცება. უდავოა, რომ აღნიშნული გარემოება აუცილებელი წინაპირობაა კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული, მდგრადი დემოკრატიული სისტემის შესანარჩუნებლად. როგორც თქვენთვის ცნობილია, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვისა რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მე-3 კონგრესის თემას წარმოადგენს „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროინტეგრაციის პროცესში”. სიახლეს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების პროცესში. აქედან გამომდინარე, წინამდებარე კონგრესის მიზანს, უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოების როლის იდენტიფიცირება წარმოადგენს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი, ეროვნული კონსტიტუციური ღირებულებების დაცვის, ევროპული სამართლისა და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების თვალსაზრისით, ასევე, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში. როგორც ვხედავთ, კონგრესის თემატიკა საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა. მოხარული ვარ, რომ ორ დღიანი მუშაობის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, მოვუსმინოთ ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების მოხსენებებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ აღნიშნულ საკითხებზე. ვფიქრობ, ყოველივე ეს წარმოაჩენს ეროვნულ დონეზე განვითარებული განსხვავებული პრაქტიკის ტენდენციებს და დაგვეხმარება ევროგაერთიანებისკენ მიმავალ გზაზე მყოფ ქვეყნებს, დავინახოთ როგორც არსებული გამოწვევები, ისე განვითარების შესაძლო გზები. ამდენად, ხსენებულ საკითხებზე ღირებული ინფორმაციის გაცვლა, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებში ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას" - ზაზა თავაძე.
კონგრესის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. აგრეთვე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეირსდოტირიმ და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალემ.
ასოციაციის მე-3 კონგრესის თემას წარმოადგენს „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში”. კონგრესის წინაშე მოხსენებებით წარდგებიან ასოციაციის წევრი სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.
კონგრესი 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) მე-3 კონგრესს მართავს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით.