სიახლეები

გამოქვეყნდა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ მორიგი ნომერი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემის - „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ მორიგი ნომერი, რომელიც მკითხველს სთავაზობს საინტერესო ნაშრომებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორებისგან.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალის მიმდინარე გამოცემა მოიცავს ავტორიტეტული საერთაშორისო მკვლევარების ნაშრომებს, რომელთა ქართულ ენაზე გამოქვეყნების უფლება ჟურნალმა  ექსკლუზიურად მოიპოვა. კერძოდ, ქართველ მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, კლაუს კრესის უახლეს ნაშრომს აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებმა 2017 წლის ბოლოს მიიღეს და მიმდინარე წლის ზაფხულში იგი ძალაში შევიდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ ფუნდამენტური რეფორმაა და ადამიანის უფლებათა სამართალზეც დიდ გავლენას მოახდენს. რაც ხსენებულ საკითხს განსაკუთრებულ აქტუალურობას სძენს.   

ჟურნალის 2018 წლის მეორე გამოცემა ასევე გვთავაზობს პოლიტიკური სამართლის ერთ-ერთი გამოჩენილი ავტორის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, იონ ელსტერის ნაშრომს კონსტიტუციის შემუშავების პროცესისა და ძალადობის ურთიერთკავშირზე, რომელიც საინტერესო და განსხვავებული კუთხით წარმოადგენს ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებს. აღნიშნული სტატია დღესაც მეტად რელევანტური და თემატურია  არსებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ რეალობაში.

მიმდინარე გამოცემა აგრძელებს მკითხველისთვის ქართველი ავტორების აქტუალური და საინტერესო ნაშრომების გაცნობას, რომლებიც კონსტიტუციური სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. გარდა ამისა, მიმდინარე გამოცემაში მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს გამოტანილი რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვა.

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად. ჟურნალი „Ulrichsweb“-ის საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაშია განთავსებული, გამოქვეყნებული ნაშრომები კი ასევე, ქვეყნდება „Heinonline“-ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.

ჟურნალის უახლესი გამოცემა ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია აქ

ჟურნალის უახლესი გამოცემა ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია აქ