სიახლეები
განმწესრიგებელი სხდომა №1641 და №1742 კონსტიტუციურ სარჩელებზე
2025 წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „დავით ტაკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1641) და „გიორგი თევზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1742).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმებით განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრულად გადასვლისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭების/გათანაბრების წესი. კერძოდ, დადგინდა, რომ 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5- წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრდებოდა მაგისტრის დიპლომთან, ხოლო 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომი – ბაკალავრის დიპლომთან. ამასთან, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრდა ბაკალავრის დიპლომთან.
№1641 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე მას არ მიეცა შესაძლებლობა გაევლო 5 წლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამა, რის გამოც მას მიენიჭა არა მაგისტრის, არამედ ბაკალავრის დიპლომი, რაც წინააღმდეგობაში მოდის განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის, ასევე კანონის უკუძალის აკრძალვის კონსტიტუციურ უფლებებთან. №1742 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით დადგინდა დისკრიმინაციული მოპყრობა ერთი მხრივ, იმ პირების მიმართ, რომლებმაც დაასრულეს ერთსაფეხურიანი ხუთ წელზე ნაკლები საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭათ ბაკალავრის ხარისხი, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პირების მიმართ, რომლებმაც დაამთავრეს 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭათ მაგისტრის დიპლომი.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: 1) №1641 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 89-ე მუხლის 82 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით; ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტის (2024 წლის 5 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; 2) №1742 კონსტიტუციურ სარჩელზე: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.