სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი ფუტკარაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1666).

2022 წლის 21 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზევასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი ფუტკარაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1666).

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტებისა და 1პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმები განსაზღვრავს, ერთი მხრივ,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების შენახვის ვადებს, ხოლო მეორე მხრივ, მონაცემთა სუბიექტის/მისი წარმომადგენლის უფლებას, მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა დეპერსონალიზაციის მოთხოვნით.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სახდელის შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადების განსაზღვრისას გადაუხვია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 9 თებერვლის N1/2/622 გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი ინფორმაციის დეპერსონალიზების ვადები იწვევს მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ამას მოითხოვს ინფორმაციის განზოგადებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ინტერესი. ამასთან, მოსარჩელე აპელირებს სამართალდარღვევათა სათანადო აღსრულებისა და რეციდივის პრევენციის ლეგიტიმურ მიზნებზეც და აღნიშნავს, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები ამოწურულია პირის სახდელდაუდებლად ცნობისა და პირის მიმართ სახდელის აღსრულების მომენტიდან.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, თუკი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის პერსონალიზებული სახით შენახვის ვადა შემოსაზღვრული იქნებოდა სამართალდამრღვევი პირის სახდელდაუდებლად ცნობის, ჩამორთმეული უფლების ვადის ამოწურვის ან/და მის მიმართ სახდელის აღსრულების ვადით

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებს და ისინი არსებითი განხილვის გარეშე, განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში,  ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.