სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1647 კონსტიტუციურ სარჩელზე

2021 წლის 14 და 15 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1647).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

სადავო ნორმა საარჩევნო სუბიექტებს უდგენს ვალდებულებას, 2028 წლამდე ჩასატარებელ მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სია დაარეგისტრირონ იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. ამასთან, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, მის ადგილს იკავებს იმავე სქესის წარმომადგენელი ადგილმონაცვლე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები გამორიცხავს შიდაპარტიული დემოკრატიის საფუძველზე პარტიული სიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და წინასწარ განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტთა პარტიული სიების სქესობრივ კონფიგურაციას. მოსარჩელეთა განმარტებით, დაწესებული შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის არსს და გაუმართლებლად ზღუდავს პოლიტიკური პარტიების თავისუფლებას, საარჩევნო უფლებასა და სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ გარანტიას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან, 24-ე მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.