სიახლეები

გილოცავთ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 104 წლის იუბილეს!

21 თებერვალი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული თარიღია. სწორედ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. პირველი კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობა საქართველოს სახელმწიფოებრივი ტრადიციების საფუძველი და მისი მომავალი განვითარების საწინდარია.

1921 წლის კონსტიტუცია გამორჩეულად პროგრესული დოკუმენტი იყო, რომელიც სრულად უწყობდა ფეხს იმდროინდელ ევროპულ სამართლებრივ ტრადიციებს. საქართველოს პირველი კონსტიტუციის პროგრესულობის მახასიათებელ ნათელ გამოვლინებას წარმოადგენს ის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, წოდებრივი განსხვავების არარსებობა, ქალთა საარჩევნო უფლება, გაუქმებულ იქნა სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯის გამოყენება, განმტკიცებულ იქნა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი, ისევე როგორც უმცირესობათა და სხვა ძირეული სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.

საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა, რაც წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარების საწინდარს.

გილოცავთ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 104 წლის იუბილეს!