სიახლეები

გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 მარტს დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილის №757 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარდგენილი პროექტების შემფასებელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და მათ საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ  ექსპერტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მისი მონაწილეობის საკითხს. კერძოდ, ექსპერტი მონაწილეობს სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, მისი შეფასებები ხელს უწყობს ფონდს გრანტების გაცემის საკითხის გადაწყვეტაში. ექსპერტის საქმიანობის საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა ვერ მიიჩნევა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციად. ამგვარად, დამოუკიდებელი ექსპერტის ვინაობა წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას.

სასამართლოს აზრით, ექსპერტის ვინაობის  ცოდნა მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული დასკვნის შესაფასებლად. კერძოდ,  დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენოს  შეფასების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი პირის/ორგანოს ქმედება საზოგადოებრივ კონტროლს ეფექტურად ექვემდებარება მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. სამეცნიერო ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, ექსპერტის მიუკერძოებლობა და კომპეტენტურობა მოიცავს იმ საკითხებს, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლოა წარმოადგენდეს დაინტერესებული პირის, საზოგადოების ინტერესის საგანს. დემოკრატიულ საზოგადოებაში აღნიშნული საკითხები  ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ დისკრეციას არ უნდა იყოს მინდობილი, თითოეულ აქტიურ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ექსპერტის ვინაობის გაუმჟღავნებლობა წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო რეგულირება განსაზღვრულია არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - მთავრობის №84 დადგენილებით და სახეზე არ არის პარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის მოწესრიგების თაობაზე უფლებამოსილების მთავრობისთვის კანონით დადგენილი წესით დელეგირება. ამრიგად, ვინაიდან სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ კრიტერიუმს უფლების შეზღუდვის კანონით დადგენის აუცილებლობის თაობაზე, იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება.

გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.