სიახლეები

დღეს, 10 ოქტომბერს სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”-ში გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

დღეს, 10 ოქტომბერს  სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”-ში გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში  იანოშ ჰერმანმა გახსნეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში შემუშავდა. სასამართლოს ეფექტიანობის და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაძლიერება და სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლო 2017-2018 წლების განმავლობაში იმუშავებს. ასევე, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შემუშავება და დანერგვა, რომელიც  სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდას გამოიწვევს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული პრიორიტეტების განხორციელებაში.  

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები, ასევე, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.