სიახლეები

„ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე და სოფიკო ვერძეული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით შეწყვიტა საქმის წარმოება საქართველოს მოქალაქეების ეკატერინე აღდგომელაშვილის, ლინა ღვინიანიძისა და სოფიკო ვერძეულის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის №749).

მოსარჩელეები ითხოვდნენ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლით განსაზღვრული რიგი ასიგნებების, კერძოდ საქართველოს საპატრიარქოსთვის და მასთან არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის, ასევე სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტებისა და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებებისათვის განკუთვნილი ასიგნებების არაკონსტიტუციურად ცნობას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები არსებითად უთანასწორო პირებს აკისრებს თანაბარ ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღონ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში, რაც ლახავს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. ასევე, მოსარჩელეების შემოსავლებიდან დაბეგრილი თანხის ერთ-ერთი რელიგიური კონფესიის დასაფინანსებლად მიმართვა ეწინააღმდეგება მათ რწმენასა და შეხედულებებს და შესაბამისად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები. მოსარჩელეთა განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ დაბეგვრის სისტემა საკუთრების უფლების არსს საფრთხეს არ უქმნის, სადავო ნორმები არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, რაც განაპირობებს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების დარღვევასაც.

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, 2017 წლის 1 იანვრიდან, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული. საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისმე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე, N749 კონსტიტუციურ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.