სიახლეები

ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მომზადდა.

საკოლექციო მონეტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე მერაბ ტურავამ და ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის მნიშვნელობაზე. მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო მონეტის გამოშვებისთვის.

მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია კონკურსის წესით შეარჩია. მისი დიზაინი გიორგი აფხაზავასა და მაია ძიძიგურის მიერ ერთობლივად მომზადდა და მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში მოიჭრა.

ღონისძიებას დაესწრნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორები, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.