სიახლეები
ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონია
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.
ვასილ როინიშვილი 2009 – 2020 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მას აქვს სამართლის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან პოზიციებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში. 2020 წლის 29 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ ვასილ როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.
ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ტუღუშმა მიულოცა ვასილ როინიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განწესება და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში. ამასთანავე, თეიმურაზ ტუღუშმა მოკლედ შეაჯამა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძის ათწლიანი მოღვაწეობა და მადლობა გადაუხადა მას საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში შეტანილი ღირებული წვლილისთვის.