სიახლეები

ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში

2022 წლის 15-16 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია და მონაწილეობა მიიღო ლატვიის რესპუბლიკის კონსტიტუციის 100 წლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.

კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „მდგრადობა, როგორც კონსტიტუციური ღირებულება: მომავალი გამოწვევები“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სამი თემატური დისკუსია დემოკრატიული მმართველობის, გარემოსდაცვითი რეგულირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ადამიანის უფლებების მდგრადობის საკითხებზე.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საკონსტიტუციო და უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები ევროპის ქვეყნებიდან, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეები, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.