სიახლეები
ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში
25 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე და სასამართლოს სამდივნოს მთავარი მრჩეველი ეკატერინე მჟავანაძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდნენ, სადაც ლიეტუვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვას 1922 წლის კონსტიტუციის 100 წლის და ლიეტუვას რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „ეროვნული კონსტიტუციიდან ტრანსნაციონალურ კონსტიტუციონალიზმამდე“.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, სეიმის სპიკერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე.
ღონისძიებას დაესწრნენ უცხო ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობისა და სეიმის წევრები, ლიეტუვას უზენაესი სასამართლოს, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს წევრები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: „კონსტიტუციური ტრადიციები და კონსტიტუციური მდგრადობა“, „კონსტიტუციაზე ორიენტირებული სამართლებრივი სისტემა: კონსტიტუციის განმარტების ხელოვნება“, „ეროვნული კონსტიტუციების ტრანსნაციონალური განზომილება“, „კონსტიტუციური გაკვეთილები - წინსვლისკენ მიმავალი გზა“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძემ კონფერენციის წინაშე წარადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია - წარსულის მემკვიდრეობა და ნაბიჯები მომავლისკენ“. მან გაამახვილა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვის საქმეში.
კონფერენციაზე აგრეთვე მოხსენებით წარსდგნენ ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, მოლდოვას, უკრაინის და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ჩეხეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები.