სიახლეები
ვიზიტი ტაილანდის სამეფოში
2024 წლის 9-13 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ, ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ მოხსენება წარადგინა მაღალი დონის აკადემიურ კონფერენციაში და დამსწრე აუდიტორიას გააცნო კონსტიტუციური კონტროლის ქართული მოდელის სისტემური მახასიათებლები და პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკა. ამასთანავე, დელეგაციის წევრებმა გამართეს საჯარო ლექცია და აკადემიური დისკუსია „განვითარების მართვის ეროვნული ინსტიტუტსა“ (National Institute of Development Administration) და თამასატის უნივერსიტეტის (Thammasat University) სტუდენტებისა და იურიდიული ფაკულტეტის წევრების წინაშე. დამატებით, შედგა სამუშაო შეხვედრა ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან სასამართლო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის შემადგენლობა აერთიანებდა სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავას, თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძეს, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ქსოვრელს, და ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორ გიორგი დგებუაძეს.
ვიზიტი საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.