სიახლეები
მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტი ანა ფერაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1664) მომართა მარიამ გოგვაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 19 აპრილის №2/11/1664 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1664 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2024 წლის 13 ივნისს.
2. №1664 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
5. №1664 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა იმ პირს, რომელიც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე 2 წლის განმავლობაში გადადგა ნოტარიუსის თანამდებობიდან, ანიჭებს შესაძლებლობას, გამარტივებული წესით დაბრუნდეს აღნიშნულ თანამდებობაზე. კერძოდ, თუკი პირმა ნოტარიუსის თანამდებობა დატოვა 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, მას უფლება აქვს, მიმართოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვოს თანამდებობაზე დანიშვნა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისა და დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე 2003 წლის პირველი სექტემბრიდან დაინიშნა ნოტარიუსად, ხოლო პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოხდა 2010 წლის 4 მაისს. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მასზე არ ვრცელდება სადავო ნორმით გათვალისწინებული ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების გამარტივებული წესი, ვინაიდან მან თანამდებობა დატოვა არა განსახილველი კანონით გათვალისწინებულ ორწლიან პერიოდში, არამედ მოგვიანებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა თანამდებობაზე დასაბრუნებლად ადგენს განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს იმ ნოტარიუსებისათვის, რომლებმაც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე დატოვეს თანამდებობა და მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი ყველა სხვა, ყოფილი ნოტარიუსისათვის.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ის ყოფილი ნოტარიუსები, რომლებიც ექცევიან სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში, თანამდებობაზე ბრუნდებიან „ნოტარიატის შესახებ“ 1996 წლის 3 მაისის კანონის საფუძველზე ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდის საფუძველზე, რაც მოიცავდა მხოლოდ პროფესიულ გამოცდას და, განსხვავებით ყველა სხვა პირისაგან, არ მოეთხოვებათ დამატებით ზოგადი უნარ-ჩვევების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) გამოცდის ჩაბარება. ამასთანავე, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ყოფილი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ და მას არ უწევს კონკურსის გავლა. აღნიშნულისაგან განსხვავებით, ორდინალურ შემთხვევაში, ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნა ხდება კონკურსის წესით, რა დროსაც მათი პროფესიული უნარები და გამოცდილება ფასდება კომისიის მიერ, მათ შორის, სხვა პირებთან კონკურენციაში.
8. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელია, არსებობდეს ვაკანტური ადგილი და მის დასაკავებლად გამოცხადდეს კონკურსი. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე თანამდებობიდან წასულ ნოტარიუსებს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ დროს მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით და არ დაელოდონ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას. დამატებით, მოსარჩელე აპელირებს იმაზეც, რომ გამარტივებული წესით თანამდებობაზე დაბრუნებულ ნოტარიუსებზე არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებები. მაგალითად, განსხვავებით ყველა სხვა ახლად დანიშნული ნოტარიუსისაგან, მათ არ ეკისრებათ 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობის განხორციელების ვალდებულება მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ სადავო ნორმა ეხება როგორც ნოტარიუსებს, ისე ნოტარიუსის შემცვლელ პირებს, თუმცა შესადარებელ პირებად მიიჩნევს მხოლოდ ყოფილ ნოტარიუსებს. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ის ყოფილი ნოტარიუსები, რომლებმაც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე და მის მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ნოტარიუსები, რომლებმაც პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვეს 2010 წლის პირველი აპრილის შემდეგ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ იდენტიფიცირებული პირთა ჯგუფები არიან არსებითად თანასწორები, ვინაიდან ისინი თანამდებობის დატოვებამდე ახორციელებდნენ სრულფასოვან სანოტარო საქმიანობას და მათ აქვთ სანოტარო საქმიანობის განხორციელების ერთნაირი კომპეტენცია, ცოდნა და გამოცდილება. მათ შორის ერთადერთი განსხვავება კი არის ნოტარიუსის თანამდებობის დატოვების დრო. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყოფილ ნოტარიუსებს აქვთ პროფესიაში დაბრუნების თანაბარი ინტერესი და შესაძლებლობა. თუმცა სადავო ნორმა, ყოფილ ნოტარიუსთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ანიჭებს თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნების შესაძლებლობას, რითაც იზღუდება თანასწორობის უფლება.
10. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ შესადარებელ პირთა შორის დიფერენცირების ნიშანი არ არის კლასიკური და დაკავშირებულია კონკრეტულ დროსთან - თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებული განცხადების თარიღთან. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ არის ინტენსიური, სადავო ნორმა აწესებს მხოლოდ დამატებით ბარიერს პროფესიაში დასაბრუნებლად. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმით გათვალისწინებულ დიფერენცირებას არ გააჩნია რაიმე ლეგიტიმური მიზანი. მოსარჩელის მითითებით, გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ სადავო ნორმაში მოაზრებული ყოფილი ნოტარიუსებისათვის თანამდებობაზე დასაბრუნებლად გამარტივებული, მაპრივილეგირებელი წესის შექმნა და რატომ არ უნდა გავრცელდეს აღნიშნული მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებზეც.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
12. ამავდროულად, №1664 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მითითებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი მოითხოვს არსებითად თანასწორ პირებს შორის თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას, ხოლო, რა ფორმით იქნება აღნიშნული უზრუნველყოფილი, წარმოადგენს კანონმდებლის პრეროგატივას, რისთვისაც, მოსარჩელის აზრით, კანონშემოქმედს უნდა მიეცეს სათანადო დრო. ამ კონტექსტში, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ პირთა ინტერესების დაცვის საჭიროებაზე, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე, თუმცა დღემდე არ უსარგებლიათ გამარტივებული პროცედურით.
13. №1664 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია სანოტარო საქმიანობის უწყვეტი განხორციელება და რეფორმის შედეგების დაცვა. მხარის განმარტებით, ნებისმიერი რეფორმა ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. სწორედ ამ მიზნით, კანონმდებელმა გაითვალისწინა კადრების შევსების გამარტივებული მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, გამოცდის ჩაბარებისგან თავის შეკავების, მაღალმთიან რეგიონში წასვლაზე უარის და სხვა გარემოების გამო, ვერ მოხდებოდა რეფორმის პერიოდში საჭირო რაოდენობის ნოტარიუსების დანიშვნა და საფრთხე შეექმნებოდა სანოტარო საქმიანობის უწყვეტად განხორციელებას. შესაბამისად, ხსენებული რისკის თავიდან ასაცილებლად, ახალი კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით, ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ 2 წლის განმავლობაში გადამდგარ ყოფილ ნოტარიუსებს. აღნიშნული ვადა განისაზღვრა იმ დაშვებით, რომ ამ პირებს შენარჩუნებული ექნებოდათ შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები. ამასთანავე, მოპასუხემ მიუთითა, რომ თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნების შესაძლებლობის ყველა ნოტარიუსისთვის მინიჭება დაარღვევს ნოტარიუსთა თანამდებობის სტაბილურობის პრინციპს და დააზიანებს 2010 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგებს, მათ შორის, აზრს დაუკარგავს „ნოტარიატის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებას.
14. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სადავო ნორმის მოქმედების პერიოდი და ამგვარი ჩამკეტი მექანიზმის არარსებობა წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზს. აქედან გამომდინარე, მართალია, ფორმალურად, ნორმა კვლავ მოქმედებს, მაგრამ მან ამოწურა მოქმედების პოტენციალი და დღეის მდგომარეობით, პრაქტიკული დანიშნულება აღარ გააჩნია.
15. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მიმართული იყო ნოტარიატის სფეროში განხორციელებული რეფორმიდან მომდინარე შესაძლო რისკების მოკლევადიან პერიოდში დასაზღვევად და, ამ მხრივ, არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლებას. დღეს კი, მათი პოზიციით, აღარ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ ან სადავო ნორმით გათვალისწინებული პირები ან სხვა ყოფილი ნოტარიუსები თანამდებობაზე დაბრუნდნენ არა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და კონკურსის გავლის შედეგად, არამედ გამარტივებული წესით.
16. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტმა ანა ფერაძემ განმარტა, რომ 2009 წლის 4 დეკემბერს მიღებული ახალი კანონი „ნოტარიატის შესახებ“, ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის კონტექსტში, ადგენდა განსხვავებულ მოთხოვნებსა და წესს, მათ შორის, ითვალისწინებდა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის ზოგადი უნარების კომპონენტის დამატებას, კონკურსის წესით თანამდებობის დაკავებას და სხვა. რამდენადაც არსებობდა რისკი, რომ დროის გარკვეულ პერიოდში შესაძლოა, ვერ მომხდარიყო ნოტარიუსთა საკმარისი რაოდენობის დანიშვნა, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წასული ნოტარიუსებისათვის თანამდებობაზე დაბრუნების გამარტივებული წესი.
17. საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმით ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება მოითხოვა მხოლოდ ერთმა ყოფილმა ნოტარიუსმა. ხოლო, რაც შეეხება იმას, თუ რა იგულისხმება თანამდებობაზე დაბრუნების გამარტივებულ წესში, ანა ფერაძემ მიუთითა, რომ რეფორმის პერიოდში ახალი კანონმდებლობის ის მოთხოვნები, რომლებსაც არ ითვალისწინებდა ნოტარიუსის საქმიანობის მომწესრიგებელი ძველი კანონმდებლობა, არ უნდა გავრცელებულიყო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თანამდებობაზე დაბრუნების სურვილის მქონე ყოფილ ნოტარიუსებზე. შესაბამისად, ყველა იმ პირს, რომელმაც საკუთარი ნებით დატოვა ნოტარიუსის თანამდებობა 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, მიეცათ შესაძლებლობა, განცხადების საფუძველზე, მოეთხოვათ თანამდებობაზე დაბრუნება ორეტაპიანი გამოცდისა და კონკურსის გავლის გარეშე. მათზე არ გავრცელდება, მათ შორის, ახალი კანონმდებლობით დადგენილი ისეთი მოთხოვნა, როგორიცაა სამწლიანი სავალდებულო სამსახური მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ წესით, ყოფილი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში, მოწმდება მხოლოდ იმ გარემოებების არსებობა/არარსებობა, რომლებსაც ითვალისწინებდა ნოტარიუსის თანამდებობაზე თავდაპირველად დანიშვნის დროს მოქმედი კანონმდებლობა, მაგალითად, პირის ნასამართლობა, საქართველოს მოქალაქეობა და სხვა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
1. №1664 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რამდენადაც სადავო ნორმა მის მიმართ ადგენს განსხვავებულ, უარეს სამართლებრივ რეჟიმს სხვა, მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებთან შედარებით. საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დანაწესის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის ნაწილში, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. ამასთანავე, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება, დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ ნორმა არსებითად თანასწორ პირებს უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებითა თუ ვალდებულებებით.
3. ამგვარად, განსახილველ საქმეზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. ამისათვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გაირკვეს, ვინ არიან, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, შესადარებელი სუბიექტები და რაში გამოიხატება დიფერენცირება.
2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
4. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას“.
5. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, იმ პირს, რომელიც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე 2 წლის განმავლობაში გადადგა ნოტარიუსის თანამდებობიდან, ენიჭება შესაძლებლობა, გამარტივებული წესით დაბრუნდეს აღნიშნულ თანამდებობაზე. კერძოდ, თუკი პირმა ნოტარიუსის თანამდებობა დატოვა 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, მას უფლება აქვს, მიმართოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვოს თანამდებობაზე დანიშვნა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებისა და დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე. ყველა სხვა ყოფილ ნოტარიუსს, რომლებიც თანამდებობიდან გადადგნენ ზემოხსენებული პერიოდის შემდეგ, ხელახლა უწევთ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, კონკურსში მონაწილეობა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
6. შესადარებელ პირთა შორის დიფერენცირების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს, თუ რა განსხვავებები არსებობს სადავო ნორმის საფუძველზე 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში თანამდებობიდან გადამდგარი პირების ნოტარიუსად დანიშვნის წესსა და იმ პროცედურას შორის, რომლის გავლაც მოუწევს მოსარჩელეს/მის მდგომარეობაში მყოფ ყოფილ ნოტარიუსებს თანამდებობაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში.
7. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ის ზოგადი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისათვის, აგრეთვე დადგენილია თანამდებობაზე განწესების პროცედურა. ხსენებული კანონი ამოქმედდა 2010 წლის პირველი აპრილიდან და ახლებურად მოაწესრიგა ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები (საკვალიფიკაციო გამოცდა, კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნა და სხვა). ხსენებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება, ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. თავის მხრივ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება), რომლის ჩაბარებაც ნოტარიუსობის მსურველ პირს მოუწევს, მოიცავს ორ ეტაპს – პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს).
8. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ნოტარიუსი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის წესით. „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანება განსაზღვრავს ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის წესს, ეტაპებსა და პირობებს. შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ორდინარული წესით დანიშვნის დროს, როდესაც ეს ხდება კონკურსის წესით, კანდიდატების პროფესიული უნარები და გამოცდილება ფასდება კომისიის მიერ, მათ შორის, სხვა პირებთან კონკურენციაში.
9. დამატებით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე, თანამდებობაზე ახლად დანიშნულ ნოტარიუსს ეკისრება ვალდებულება, 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობა განახორციელოს მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა კი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს.
10. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმით, 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა ყოფილი ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის საგამონაკლისო წესი. კერძოდ, იმ პირებს, რომლებიც ექცევიან სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში ანუ არიან ყოფილი ნოტარიუსები და 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში დატოვეს თანამდებობა, შესაძლებლობა აქვთ, მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ და საქმეზე მოწვეულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტეს, რომ საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში, ყოფილი ნოტარიუსი თანამდებობაზე დაბრუნდება, თუკი იგი აკმაყოფილებს „ნოტარიატის შესახებ“ 1996 წლის 3 მაისის საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასზე არ გავრცელდება 2010 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული კანონის დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ახალი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, თანამდებობაზე დანიშვნისას კონკურსის გავლის, პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობის მაღალმთიან დასახლებაში განხორციელების შესახებ და ა.შ.
11. აღნიშნულისაგან განსხვავებით, მოსარჩელესა და მის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ ნოტარიუსებს, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს სადავო ნორმაში მითითებული დროითი მონაკვეთის შემდეგ, ნოტარიუსის თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად, უწევთ ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც ითვალისწინებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, ყოფილ ნოტარიუსთა იმ ნაწილს, რომლებმაც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში დატოვეს თანამდებობა, უფლება აქვთ, გამარტივებული წესით დაინიშნონ ნოტარიუსებად და არ მოეთხოვებათ კანონით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნების შესრულება, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს ამგვარი შესაძლებლობა არ გააჩნია.
12. ნოტარიუსის თანამდებობის ხელახლა დაკავების ორდინარულ და საგამონაკლისო წესს შორის არსებული განსხვავებები, მათი არაამომწურავი ჩამოთვლის მიუხედავად, საკმარისი სიცხადით წარმოაჩენს შესადარებელ პირთა შორის დიფერენცირებული მოპყრობის არსებობას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ, სადავო ნორმის საფუძველზე, ნამდვილად აქვს ადგილი შესადარებელ პირთა მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის დადგენას.
13. ამასთანავე, თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისას, დიფერენცირების არსებობასთან ერთად, აუცილებელია, დადგინდეს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
14. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ სადავო ნორმა ეხება როგორც ნოტარიუსებს, ისე ნოტარიუსის შემცვლელ პირებს, თუმცა შესადარებელ პირებად მიიჩნევს მხოლოდ ყოფილ ნოტარიუსებს. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ის ყოფილი ნოტარიუსები, რომლებმაც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე დატოვეს ნოტარიუსის თანამდებობა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე და მის მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ნოტარიუსები, რომლებმაც პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვეს 2010 წლის პირველი აპრილის შემდეგ. ამასთან, დასახელებულ სუბიექტთა თანასწორობა უნდა შეფასდეს ყოფილი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების წესთან მიმართებით.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სანოტარო საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს და არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობა, სახელმწიფო რესურსი, რომლის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების ინტერესი ყველა პირს თანაბრად გააჩნია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/2/1546,1595 გადაწყვეტილება საქმეზე „მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მოცემულ შემთხვევაში, ყველა ყოფილ ნოტარიუსს, რომელმაც დატოვა თანამდებობა, თანაბრად შეიძლება, ჰქონდეს იმის ინტერესი, რომ დაუბრუნდეს ამ თანამდებობას, რაც შეიძლება გამარტივებული წესით და დამატებითი ბარიერების დაწესების გარეშე. სადავო ნორმა შესადარებელ პირთა დიფერენცირებას ახდენს იმის მიხედვით, თუ დროის რა მონაკვეთში დატოვეს მათ თანამდებობა. კონკრეტულად, ის ფაქტი, ყოფილი ნოტარიუსი 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე გადადგა თანამდებობიდან, თუ ამ თარიღის შემდგომ, შესადარებელ პირებს ვერ აქცევს არათანასწორებად თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის ინტერესთან მიმართებით. ამ მხრივ, არც მოპასუხე მხარეს წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, თუ რა არსებითი განსხვავება არსებობს იმ ყოფილ ნოტარიუსებს შორის, რომლებიც სადავო ნორმაში მითითებულ დროით შუალედში გადადგნენ თანამდებობიდან და, რომლებმაც განცხადება დაწერეს ამ დროის შემდეგ ან რატომ უნდა მივიჩნიოთ შესადარებელი სუბიექტები არსებითად არათანასწორებად.
16. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში მოქცეულ ყოფილ ნოტარიუსებს და მოსარჩელე მხარეს გააჩნიათ იდენტური ინტერესი ნოტარიუსის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის კუთხით და წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
3. შეზღუდვის გამართლება
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისას და დადგენისას ის მიმართავს შემდეგ ძირითად მიდგომას: „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
19. ვინაიდან მოცემულ საქმეზე უკვე დადგინდა, რომ სადავო ნორმა იწვევს დიფერენცირებას არსებითად თანასწორ სუბიექტებს შორის და, შესაბამისად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, საჭიროა გაირკვეს, არსებობს თუ არა რაიმე ობიექტური გარემოება, რომელიც არსებულ დიფერენცირებას გაამართლებს.
3.1. შეფასების ტესტი
20. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
21. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).
22. ამდენად, მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად.
3.2. ლეგიტიმური მიზანი და რაციონალური კავშირი
23. განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება თანასწორობის უფლების კონსტიტუციურ მოთხოვნას იმ ყოფილი ნოტარიუსების თანამდებობაზე საგამონაკლისო, გამარტივებული წესით დანიშვნა, რომლებმაც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე დატოვეს თანამდებობა. მოპასუხე მხარემ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ 2010 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა „ნოტარიატის შესახებ“ ახალი კანონი, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის წესი, წაყენებული მოთხოვნები და პროცედურა. შესაბამისად, გაჩნდა რისკი, რომ რეფორმის შემდეგ, დროის გარკვეულ მონაკვეთში, შესაძლოა, შეფერხებულიყო ახალი ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნა და საფრთხე შეჰქმნოდა სანოტარო საქმიანობის უწყვეტად განხორციელების საჯარო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, კანონმდებელმა გადაწყვიტა, დაეშვა გამონაკლისი იმ ყოფილი ნოტარიუსებისათვის, რომლებიც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით გადადგნენ და მიეცა მათთვის შესაძლებლობა, დაბრუნებულიყვნენ პროფესიაში საგამონაკლისო წესით, იგივე მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომლებსაც ითვალისწინებდა რეფორმამდე არსებული კანონმდებლობა.
24. ამდენად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა ნოტარიატის სფეროში განხორციელებული რეფორმიდან მომდინარე შესაძლო რისკების დაზღვევა მოკლევადიან პერიოდში და თანამდებობაზე ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესის შესაძლო შეფერხების გამო წარმოქმნილი პრობლემების თავიდან აცილება. ამასთან, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სადავო ნორმამ ამოწურა მოქმედების პოტენციალი და დღეის მდგომარეობით, პრაქტიკული დანიშნულება აღარ გააჩნია, მისი მოქმედება მხოლოდ ფორმალურია.
25. როგორც უკვე აღინიშნა, 2010 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა „ნოტარიატის შესახებ“ ახალი კანონი, რომელმაც განსხვავებულად მოაწესრიგა ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებული რიგი საკითხები და ახლად დანიშნული ნოტარიუსების მიმართ გაჩნდა დამატებითი მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. ამა თუ იმ სფეროში რეფორმის განხორციელების შემდგომ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იცვლება წინამორბედი კანონმდებლობა, შესაძლოა, არსებობდეს რისკი, რომ რიგი მიზეზების გამო, შეფერხდეს თანამდებობაზე ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესი. სწორედ ამ მიზანს დაუკავშირა მოპასუხე მხარემ კადრების შევსების სადავო ნორმით გათვალისწინებული გამარტივებული მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, გამოცდის ჩაბარებისგან თავის შეკავების, მაღალმთიან რეგიონში წასვლაზე უარის ან/და სხვა გარემოების გამო, ვერ მოხდებოდა რეფორმის პერიოდში საჭირო რაოდენობის ნოტარიუსების დანიშვნა და საფრთხე შეექმნებოდა სანოტარო საქმიანობის უწყვეტად განხორციელებას.
26. რაც შეეხება სადავო ნორმის მოქმედების პოტენციალს, ამ კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას. არც სადავო ნორმასა და არც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა ნორმებში არ არსებობს მითითება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ნორმა ძალადაკარგულია ან ამოწურულია მისი მოქმედების ვადა. თუკი დღეს, რომელიმე ის პირი, რომელიც ექცევა სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებში ანუ თანამდებობა დატოვა 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე, მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით, ნორმატიულ დონეზე, არ არსებობს წესი, რომლის საფუძველზეც, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას განცხადების განხილვაზე ნორმის გაუქმების ან მოქმედების პოტენციალის ამოწურვის მიზეზით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებას შეაფასებს მისი სრული მოქმედების ეფექტით, მათ შორის, დღეის მდგომარეობით, სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის პოტენციალით.
27. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნის განსაზღვრისას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნოტარიატის სფეროში იმპლემენტირებული რეფორმიდან გასულია საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, დაახლოებით, 14 წელი. შესაბამისად, იმისათვის, რათა მოპასუხის მიერ დასახელებული მიზანი მიჩნეულ იქნეს ლეგიტიმურად, აუცილებელია დადასტურდეს, რომ წარსულში განხორციელებული რეფორმიდან წარმოშობილი რისკები დღესაც რელევანტურია და რაიმე ფორმით შეიძლება, აფერხებდეს ახალი კადრების ნოტარიუსთა თანამდებობაზე დროულად დანიშვნას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ მკაფიოდ მიუთითა, რომ 2010 წლის რეფორმიდან მომდინარე რისკი ახალი ნოტარიუსების დანიშვნის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით არ არსებობს და, შესაბამისად, გასაჩივრებულმა დებულებამ დაკარგა პრაქტიკული დანიშნულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ლეგიტიმურად ვერ მიიჩნევს იმგვარი მიზნით, რომელიც, მართალია, წარსულში არსებობდა, თუმცა დღეს უკვე მიღწეულია ან მისი მიღწევის საჭიროება არ დასტურდება.
28. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სადავო ნორმის შეფასებას სანოტარო საქმიანობის უწყვეტად და შეუფერხებლად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებითაც. კანონმდებლობით, ნოტარიატის სფერო მკაცრად რეგულირებულია, მათ შორის, ახალი ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნა დაკავშირებულია მთელი რიგი კრიტერიუმების დაკმაყოფილებასა და პროცედურების გავლასთან, იქნება ეს გამოცდის ჩაბარება, კონკურსში მონაწილეობა თუ სხვა. არ გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ მიზეზით, ნოტარიუსის ბევრი ვაკანტური თანამდებობა გაჩნდეს, ხოლო არსებული კორპუსი, კადრების სიმცირის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო, საკმარისი არ აღმოჩნდეს შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე ახალი პირების დანიშვნა დაკავშირებულია სათანადო პროფესიული გამოცდილების ქონასთან, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებასთან და ხანგრძლივი პროცედურების გავლასთან, შესაძლოა, ვერ მოხდეს ან გართულდეს ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი პირების დანიშვნა და ამით შეფერხდეს სანოტარო საქმიანობის განხორციელება. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს ყოფილი ნოტარიუსებისათვის პროფესიაში გამარტივებული გზით დაბრუნების უფლების მინიჭებით, სანოტარო საქმიანობის უწყვეტად და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა, რათა არ რეალიზდეს ზემოხსენებული რისკები.
29. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში, პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება, ხოლო უშუალოდ სანოტარო საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ახორციელებს ნოტარიუსი. ამასთანავე, დასახელებული კანონის მე-4 თავი განსაზღვრავს ნოტარიუსის მიერ შესასრულებელ სანოტარო მოქმედებებს, კერძოდ, ნოტარიუსს უფლება აქვს, დაადასტუროს გარიგებები, გასცეს საკუთრების უფლება, მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, გასცეს სააღსრულებო ფურცელი სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე, განახორციელოს სანოტარო მედიაცია და სხვა. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობა, რიგ შემთხვევებში, იმპერატიულად მოითხოვს ამა თუ იმ გარიგების სანოტარო წესით დამოწმებას, მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამასთან, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ განხორციელებულ სანოტარო მოქმედებას აქვს იურიდიული შედეგი და სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.
30. ამდენად, აშკარაა, რომ ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვის მატარებელია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/2/1546,1595 გადაწყვეტილება საქმეზე „მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სანოტარო საქმიანობის უწყვეტობის და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც შესაძლებელია მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვა.
31. ამასთანავე, მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების არსებობა ვერ გამოდგება თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის. დამატებით, აუცილებელია რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ამ მხრივ, უნდა განისაზღვროს, რამდენად უზრუნველყოფს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება სანოტარო საქმიანობის უწყვეტობას და მის შეუფერხებლად განხორციელებას.
32. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმის შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვეს 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში. ამგვარი უფლება კი არ გააჩნია მოსარჩელეს, რომელმაც ნოტარიუსის თანამდებობა დატოვა 2010 წლის 4 მაისს. თუკი მოსარჩელე მოისურვებს ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნებას, მას მოუწევს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით ახლებურად განსაზღვრული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, კონკურსში მონაწილეობა და, შესაძლოა, სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობის განხორციელება მაღალმთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი.
33. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი, გამარტივებული წესით პროფესიაში დაბრუნების უფლებით სარგებლობას აკავშირებს ნოტარიუსის მიერ თანამდებობის დატოვების თარიღთან. ამ მხრივ, გაუგებარია, თუ რატომ არის პრიორიტეტული იმ პირთა ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება, რომლებიც თანამდებობიდან წავიდნენ სადავო ნორმაში მითითებულ დროის შუალედში და რატომ არ ენიჭებათ ანალოგიური უფლება სხვა, მოსარჩელე მხარის ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ ნოტარიუსებს. პირობითად, თუკი პირი ნოტარიუსის თანამდებობიდან გადადგა 2008 წლის 2 აპრილს, მას შეუძლია, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის მიმართვის საფუძველზე დაბრუნდეს ნოტარიუსის თანამდებობაზე, ხოლო მოსარჩელე, რომელიც უფრო ახლო წარსულში ახორციელებდა ამ უფლებამოსილებას, ანალოგიური უფლებით ვერ სარგებლობს. ამასთანავე, სადავო ნორმის საფუძველზე, თანამდებობაზე დაბრუნებისას პრიორიტეტი (გამარტივებული წესით სარგებლობის უფლება) ენიჭება მხოლოდ 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე თანამდებობიდან წასულ ნოტარიუსებს, მათ შორის, იმ პირებთან მიმართებითაც, რომლებიც თანამდებობიდან გადადგნენ, მაგალითად, 2020 წელს და აქვთ შედარებით მეტად რელევანტური სამუშაო გამოცდილება და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული რეფორმის შემდგომ, პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შედეგად დაგროვებული პროფესიული ცოდნა.
34. შესაბამისად, რაციონალურ ახსნას მოკლებულია ყოფილ ნოტარიუსთა დიფერენცირება მხოლოდ იმაზე მითითებით, თუ როდის დატოვეს მათ ეს თანამდებობა. მხოლოდ თანამდებობის დატოვების თარიღი არ შეიძლება იქცეს თანასწორ პირებს შორის დიფერენცირების საფუძვლად, თუკი არ დასტურდება, რომ კონკრეტული დროის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება ობიექტურად უკავშირდება უფრო მეტი ცოდნის, გამოცდილების ან განსაკუთრებული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ან სხვა რაიმე ფორმით მიუთითებს დროის ამ პერიოდში სამუშაო გამოცდილების მქონე პირთა უპირატესობაზე. ამ მხრივ, არ გამოკვეთილა, თუ რატომ უზრუნველყოფს სანოტარო საქმიანობის უწყვეტობას და შეუფერხებლად განხორციელებას მხოლოდ იმ ყოფილ ნოტარიუსთა თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნება, რომლებიც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე გადადგნენ დაკავებული პოზიციიდან და, შესაბამისად, პირთა დიფერენცირებას არ გააჩნია რაციონალური კავშირი ზემოხსენებული მიზნის მიღწევასთან.
35. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ყოფილ ნოტარიუსებს, თუკი ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან, ანიჭებს ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დანიშვნის შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
4. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
36. №1664 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი per se არ კრძალავს ყოფილი ნოტარიუსების თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნების შესაძლებლობის მინიჭებას და არც ამ უფლების მინიჭების ვალდებულებას ადგენს. ხსენებული ნორმის დაცვის ობიექტია თანასწორი მოპყრობა არსებითად თანასწორ პირებს შორის. კანონმდებლის მიერ თანასწორობა შესაძლოა, მიღწეულ იქნეს როგორც ამ უფლების სხვა, თანასწორ პირებზე გავრცელებით, ასევე მისი სრულად გაუქმებით. ამდენად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად კანონმდებელს გააჩნია რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობა.
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღჭურვილია ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციით. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია, დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება, გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე - ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). №1664 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა უფლებააღმჭურველი ხასიათისაა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებით, უქმდება სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში თანამდებობიდან გადამდგარ ყოფილ ნოტარიუსებს ენიჭებათ თანამდებობაზე გამარტივებული წესით დანიშვნის უფლება.
38. ამ მხრივ, კანონმდებლის გადასაწყვეტია თანასწორობის აღდგენის რომელ გზას აირჩევს - ყველა თანასწორ სუბიექტს მიანიჭებს ამ უფლებას, თუ სრულად გააუქმებს მას. აქედან გამომდინარე, კანონმდებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვიტოს სადავო ნორმის პირთა წრის გაფართოებისა თუ დავიწროების საკითხი.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ყოფილ ნოტარიუსებს, თუკი ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან, ანიჭებს ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დანიშვნის შესაძლებლობას, ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი 2025 წლის 1 ივნისიდან.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №1664 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ყოფილ ნოტარიუსებს, თუკი ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან, ანიჭებს ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დანიშვნის შესაძლებლობას.
2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ყოფილ ნოტარიუსებს, თუკი ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან, ანიჭებს ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დანიშვნის შესაძლებლობას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის 1 ივნისიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში