სიახლეები

ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1404)

2019 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ” (კონსტიტუციური სარჩელი №1404).

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ადგენს ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის უალტერნატივო წესს და არ იძლევა სხვაგვარი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას. ამასთან, ელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უშუალოდ უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები თავიანთი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე, ვერ იღებენ სხვაგვარ დოკუმენტებს და რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე. აღნიშნული იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას. ამრიგად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციით სახელმწიფო პირებს ავალდებულებს საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რის გამოც ირღვევა  რიგი კონსტიტუციური უფლებები.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით: ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა; ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 58-ე მუხლის კონსტიტუციურობა; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა.