სიახლეები

ნილ მუჟნიეკსის დასკვნა

2016 წლის 12 იანვარს ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს კომისრის, ნილ მუჟნიეკსის მიერ გაკეთებული დასკვნის მე-7 პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს ეხება, რომლებიც უკავშირდებოდა სასამართლოს ბოლო დროს გამოტანილ გადაწყვეტილებებს.

„ევროკომისარის ყურადღება მიიპყრო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ჩარევის კონკრეტულმა ფაქტებმა. მაგალითად, მსგავს ინციდენტებს ადგილი ჰქონდათ 2015 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაასაჯაროვა გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან განხორციელდა მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე. მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან საპროტესტო აქციებს აწყობდნენ ადამიანთა ჯგუფები, ისვროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი საცხოვრებლების მიმართულებით, მოსამართლეთა მიმართ გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები“- აღნიშნულია ნილ მუჟნიეკსის დასკვნაში.

კომისარი ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს და დაწესდეს სანქციები შესაბამისი პროცედურების გზით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია მაღალჩინოსნების მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას მოსამართლეებისათვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა.

წყარო:  https://wcd.coe.int/com.instranet.InstraServlet?command=com.instranet.CmdBlobGet&InstranetImage=2870023&SecMode=1&DocId=2345336&Usage=2