სიახლეები
„ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2022 წლის 25 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1434 და №1466 კონსტიტუციური სარჩელები („ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმები სასამართლოს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ყადაღა დაედო პირის ქონებაზე იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონების მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული. ამავდროულად, ქონებას ყადაღა ედებოდა გამოძიების შეწყვეტამდე.
მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ სადავო რეგულაციის პირობებში, ქონებაზე ყადაღის დადებისას არ საბუთდებოდა პირის ბრალეულობის ფაქტი, რის გამოც ყადაღა ედებოდა კეთილსინდისიერი შემძენის ქონებასაც. ამავდროულად, ქონებაზე ყადაღის მოქმედების ვადა, შესაძლებელია გაგრძელებულიყო განუსაზღვრელი ვადით, რაც არღვევდა კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლებას.
მოპასუხე მხარის განმარტებით, ქონებაზე ყადაღის დადების დროს, სხვა გარემოებებთან ერთად, სასამართლო, ასევე ასაბუთებდა მესაკუთრის სავარაუდო არაკეთილსინდისიერების ფაქტსაც, ამდენად, სადავო ნორმა არ არღვევდა კეთილსინდისიერი შემძენის უფლებებს. თუმცა, მისი განმარტებით, ყადაღის მოქმედების ხანგრძლივი ვადა იწვევდა პირის საკუთრების უფლების დარღვევას და ამ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, სადავო რეგულაციის თანახმად, ყადაღის გამოყენების დროს არც პროკურორს და არც მოსამართლეს არ მოეთხოვებოდა დადასტურებულად ცოდნოდა მისი შეძენისას ქონების მესაკუთრის არაკეთილსინდისიერების ფაქტი. ამდენად, სადავო ნორმა უშვებდა, მათ შორის, კეთილსინდისიერი შემძენის ქონების დაყადაღების შესაძლებლობასაც. ამავდროულად, ქონებას ყადაღა ედებოდა გამოძიების შეწყვეტამდე, რაც კონკრეტული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით, შესაძლოა, გაგრძელებულიყო ხანგრძლივი ვადით.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების: ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა განადგურების ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გადამალვის პრევენციის აუცილებლობა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ხსენებული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო საკუთრების უფლების მზღუდავი, უფრო ვიწროდ მიმართული რეგულაციებით.
კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელს სურს დამნაშავისათვის დანაშაულის ჩასადენად საჭირო რესურსზე წვდომის შეზღუდვა და ამ ფორმით დანაშაულის პრევენცია, მას შეუძლია, ქონებაზე ყადაღის დადების უფლებამოსილება დაადგინოს იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონების ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების დასაბუთებული ვარაუდი არსებობს. ასევე, კანონმდებელს შეუძლია, ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისგან დაცვის მიზნით, დაადგინოს ქონებით სარგებლობის აკრძალვის საფუძველი.
ამავე დროს, როდესაც ქონების დაყადაღება ხდება მისი შესაძლო ჩამორთმევის ან შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ მინიმუმ, არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონების შემძენი არ არის კეთილსინდისიერი. სასამართლომ, ასევე მიუთითა, რომ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს ყადაღის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობას.
სასამართლომ, აგრეთვე დაადგინა, რომ სადავო ნორმები ადგენდა ქონებაზე ყადაღის დადების გადაჭარბებულად დიდ ვადას (ქონებას ყადაღა ედებოდა გამოძიების შეწყვეტამდე), რაც არაპროპორციულად ზღუდავდა საკუთრების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები. ამავდროულად, სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2022 წლის 1 ოქტომბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.
დავის საგანი: ა) №1434 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების- „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ და 158-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) №1466 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების -„ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.