სიახლეები

ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის" დასრულდა

10 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში,  საკონსტიტუციო სასამართლოს და  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის  ორგანიზებით  ოლიმპიადა: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის" დასრულდა.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები, დღეს ფინალური რაუნდის შემდეგ გამოვლინდენ: გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრიოზიორი.

საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეულის ტიტული  წელს ორმა მონაწილემ დაიმსახურა.  ესენი არიან: უნივერსიტეტის სტუდენტები - ლაშა ჯუღელი და თეიმურაზ სვანიძე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტში. ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილეებს მიულოცა, წარმატებები უსურვა  და დამადასტურებელი სერთიფიკატები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მაია კოპალეიშვილმა გადასცა.   

რაც შეეხება საუკეთესო გუნდს,  ეს სტატუსი ერგო თავისუფალ უნივერსიტეტის გუნდს, ლაშა გოგებაშვილი და ლაშა მაჭავარიანის შემადგენლობით.

წელს, ოლიმპიადაში მონაწილეობა  8 გუნდმა მიიღო შემდეგი უმაღლესი სასწავლებლებიდან: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). ოლიმპიადის მონაწილეები წარმოადგენენ იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტებს.

ოლიმპიადის მონაწილეებს აფასებდა ჟიური/სასამართლო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მაია კოპალეიშვილი (ჟიურის ხელმძღვანელი), თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ჭიღლაძე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ექსპერტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი ნანა მჭედლიძე, საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე და მოწვეული სტუმარი გერმანიიდან, კონსტიტუციური სამართლის მკვლევარი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ექსპერტი, პროფესორი მიხაელა ვიტინგერი.

ჟიურის წევრებმა და ორგანიზატორებმა დახურვის ცერემონიალზე სიტყვით მიმართეს ოლიმპიადის მონაწილეებს, მიულოცეს წარმატებით დასრულება და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მაია კოპალეიშვილმა ორგანიზატორს თამარ მეტრეველს სპეციალური სიგელი გადასცა, გერმანიიდან მოწვეულ სტუმარს კი, კონსტიტუციური სამართლის მკვლევარსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ექსპერტს, პროფესორ მიხაელა ვიტინგერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცემები უსახსოვრა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ოლიმპიადა, იმართება ბოლო 11 წელია და ის ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას - „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს".

ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი "IRZ."