სიახლეები
პრეს რელიზი №695 და №702 კონსტიტუციურ სარჩელებზე
დღეს, 18 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება ვასილ მარდალეიშვილის (რეგისტრაციის №695), კონსტანტინე ლაბარტყავას, მალხაზ ნოზაძის და ირაკლი გიგოლაშვილის (რეგისტრაციის №702) კონსტიტუციური სარჩელების განმწესრიგებელი სხდომა მათი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად.
მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რეგულაციას, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის 3 წლის, ხოლო ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის ან ამგვარი საშუალების გავრცელების ხელშემწყობი პირისთვის 5 წლის ვადით, სანქციის სახით, დამატებით ითვალისწინებს გარკვეული უფლებების ავტომატურად ჩამორთმევას. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და პასიური საარჩევნო უფლებების შეზღუდვას. დავის საგანს აგრეთვე წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირის მიერ მასზე დაკისრებული სასჯელის მოხდის შემთხვევაში შემდგომი ნასამართლობის სტატუსი არ უნდა იწვევდეს ამ პირისადმი განსხვავებულ მოპყრობას, ნასამართლობის სტატუსის არმქონე პირებთან შედარებით.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ ერთმევათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო, პოლიტიკური, აგრეთვე კონკრეტული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებები, რომლებიც მათ განხორციელებასთან ერთად, არის პიროვნული თუ პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული, თავისი არსით, სასჯელის სამართლებრივი ბუნების მატარებელია. შესაბამისად, აბსოლუტურად განსაზღვრული სანქცია, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივი ვადით რიგი სამოქალაქო უფლებების ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევას, უგულებელყოფს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებს, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, 28-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, აგრეთვე 29-ე მუხლის პირველ და 30-ე მუხლის პირველ პუნქტებს.